“მნიშვნელოვანია შეფასებული იყოს ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე” – სახდეპი ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციაზე

“მნიშვნელოვანია შეფასებული იყოს ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე” – სახდეპი ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციაზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა სააგენტო “აქცენტის” კითხვას უპასუხა პროექტში ჩინური ინვესტიციების განხორციელების შესახებ, რის შესახებაც სახდეპი განმარტავს, რომ მსგავს პროექტებში საჭიროა კარგად შეფასდეს თუ რა გავლენა ექნება ჩინურ ინვესტიციებს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე.

“შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას მნიშვნელოვანია, ჩატარდეს საფუძვლიანი სათანადო გამოკვლევა, გააზრებული იყოს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და სასარგებლო საქართველოსთვის”, – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა “აქცენტს” შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პროექტის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი 29 მაისს დაასახელა. მისი განმარტებით ოფიციალურად აღნიშნული კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს პერიოდში დასახელდება. ამასთან, როგორც ირკვევა, პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში ფინალურ ეტაპზე გადასულ ორ კომპანიას შორის განაცხადი მხოლოდ ერთმა China Communications Construction Company Limite-მა გააკეთა, შესაბამისად გამარჯვებულად სწორედ ის დასახელდება. აღნიშნულ პროექტში CCCC-ის პარტნიორი China Harbour Investment Pte იქნება, რომელიც ისევე CCCC-ის შვილობილია.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში, რაც აშშ-ის შეფასებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნულისთვის 2020 წლის 26 აგვისტოს, აშშ-მა China Communication Construction Company Limited-ის შვილობილები სანქცირებულთა სიაში (OFAC-ის Non-SDN სიაში) შეიყვანა, რითიც აშშ-ში რეგისტრირებულ პირებს მათთან ოპერაციების განხორციელება, ასევე მათში წილების ფლობა აუკრძალა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…